Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევთა სტატისტიკას აქვეყნებს


2020 წლის ნოემბერში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 22-მა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი“ დაარღვია, 6-მა კი - „სასაზღვრო ზონის რეჟიმი“.

როგორც დე ფაქტო უწყება იტყობინება, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით. ოქტომბერში 43 მოქალაქე იყო დაკავებული. ნოემბერში დაკავებულთაგან 3 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე, დაჯარიმდა 17 მოქალაქე. ჯარიმის გარეშე კი „რესპუბლიკიდან“ 8 ადამიანი გააძევეს.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ დაკავებულთა უმრავლესობა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეა და მხოლოდ რვა მათგანია საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოაძევეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ზარდიანთკარელი მირიან თაზიაშვილის მიმართ, რომელსაც ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებმა, ე.წ. საზღვრის დამრღვევების გამოვლენისას, გამორიცხონ კონტაქტი ამ პირებთან. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის ორგანოებს, ხოლო საოკუპაციო ძალებს „რესპუბლიკის საზღვრების დასაცავად“ დახმარება გაუწიონ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაკეტილი რჩება ახალ გადაწყვეტილებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG