Accessibility links

site logo site logo

თითქმის ერთწლიანი წყვეტის შემდგომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება 


10-11 დეკემბერს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო, პროვოკაციული ქმედებების საკითხს, რაც განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის ფონზე. როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ადგილზე ვითარების ესკალაციის შესაძლებლობის გაზრდის გარდა, ეს კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას.

ქართული მხარე ჟენევაში ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის ე.წ. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამის“ დამტკიცებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შორის გამართულ შეხვედრებზე ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის განხილვის საკითხს. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, სამხედრო წვრთნებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9-წლიანი „პატიმრობა”, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას.

ჟენევაში განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზგასმით იქნება აღნიშნული თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად მუშაობაზე, ისევე, როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის შეხვედრების შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG