Accessibility links

logo-print logo-print

გამყრელიძე პირბადის ტარების მაჩვენებელზე: 95% თუ გვექნა, საახალწლოდ სერიოზულად დავასატაბილურებთ მდგომარეობას


ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებლის 95%-მდე გაზრდის შემთხვევაში, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საახალწლოდ სერიოზულად დასტაბილურდება:

„95% თუ გვექნა, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება ჩვენ დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა. მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი დღეს პრევენციული ღონისძიება. რომ თუ ჩვენ ვართ ინფიცირებული სხვას არ გადავდებთ, თუ სხვა არის ინფიცირებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო დროს ქვეყანაში 10 პროცენტით გაიზარდა და 55%-დან 65% შეადგინა, რაც საკმარისი არ არის:

„თუ ჩვენ ავიყვანთ ამ მაჩვენებელს ერთ კვირაში 75%-ზე, მერე 80%-ზე, მერე 90%-ზე, დარწმუნებული იყავით რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. ამიტომ ეს უმორჩილესი თხოვნაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95%-ის ფარგლებშია აყვანილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1657-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 7918 PCR და 11 718 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიდან გამოვლენილია 4570 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 178 953 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1657-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG