Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი


ალექსანდრე რეხვიაშვილი
ალექსანდრე რეხვიაშვილი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა:

„გამორჩეულმა ქართველმა კინორეჟისორმა, კინოოპერატორმა და სცენარების ავტორმა განათლება მოსკოვში მიიღო, 1971 წლიდან კი მოღვაწეობა განაგრძო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

როგორც დამდგმელ ოპერატორს ალექსანდრე რეხვიაშვილს გადაღებული აქვს „ალავერდობა“ (1963), „მიქელა“ (1964), „ფიროსმანი“ (1969), „ძაღლი“ (1974), „რამაზ ჩხიკვაძე“ (2013).

როგორც რეჟისორი, იგი ავტორია მხატვრული ფილმების: „ნუცა“ (1971), „მწვანე მდელო“ (1973), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989).

ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედება აღიარებული იყო როგორც მის სამშობლოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ჯილდოებს შორის აღსანიშნავია „ოქროს დუკატი“ საუკეთესო რეჟისურისათვის და „ფიპრესის“ პრიზი მანჰაიმის 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე”, - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ალექსანდრე რეხვიაშვილი ასევე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის კავალერი. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

ალექსანდრე რეხვიაშვილის ბოლო დოკუმენტური ფილმის პრემიერა 2019 წელს გაიმართა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის შესახებ მოგვითხრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG