Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: სიმძიმის ცენტრი და ზეწოლა ერთპარტიულ პარლამენტზე გადავა 


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციის იმ კოორდინირებულ ერთობაში, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი და იარაღია რეჟიმის წინააღმდეგ. ხატია დეკანოიძის აზრით, ამ ბერკეტს ერთპარტიული პარლამენტის სახით მეორე იარაღი დაემატება:

„ეს იქნება ძალიან მძიმე სურათი, მათ შორის გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რომ ეს არ იქნება მათთვის სახარბიელო სურათი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო გაეკეთილშობილებინა ეს პარლამენტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები ისმოდა მის წინააღმდეგ.მაგრამ ასე არ მოხდა, ოპოზიცია დარჩა ერთიანი, ამიტომ მე მაინც მგონია, რომ სიმძიმის ცენტრი ეხლა გადმოიწევს ზუსტად იმ პარლამენტზე, ერთპარტიულზე და მთელი ზეწოლა მასზე იქნება.“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“ და აღნიშნა, რომ სიმძიმის ცენტრი ნელ-ნელა პარლამენტისკენ გადაინაცვლებს.

გადაცემაში მან ისაუბრა მოლაპარაკებების საკითხზეც და განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას მიიღებს:

„მიუხედავად ამ აგრესიისა, მიუხედავად იმისა, რომ განადგურებით გვემუქრება, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოპოზიცია მიიღებს მოლაპარაკებაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ამ ოპოზიციის ნაწილი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია დავიხსნათ ადამიანები, მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ თავისუფალი არჩევნებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის იმიტომ, რომ მაინც ბოლოს მივდივართ იქამდე, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ არსებობს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“.

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაესწრებიან. სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ მემორანდუმს, პარტიული სიების განულების და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG