Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელმა ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში - არჩილ თალაკვაძე ISFED-ის მონაცემების კორექტირების შემდეგ


მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ხარვეზიანი ფორმულის გამო მცირედით შეიცვალა ხმების წინასწარი დათვლის შედეგები და ქართულ ოცნებას 1,8%-ით გაეზარდა არჩევნებში მიღებული შედეგი. არჩილ თაკალვაძე თვლის, რომ მთელმა ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან "სამართლიანი არჩევნების" განცხადება ცხადს ხდის, რომ ოპოზიციის მთავარი ბრალდება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა.

"დასტურდება ამ განცხადებით, რომ არჩევნების არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცესკომ თავის შედეგებში აჩვენა,"- თქვა არჩილ თალაკვაძემ და დაამატა, რომ ამ განცხადებამ მკვეთრად შეცვალა მოლაპარაკებების რეალობა, ოპოზიციას გამოაცალა მთავარი ბრალდება, ხელისუფლება კი საუბარს გააგრძელებს მხოლოდ იმ ოპოზიციასთან, "ვინც ჯანსაღად, პრაგმატულად უყურებს ქვეყნის ინტერესებს."

"დღეს მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან, არ არსებობს ოპოზიციის უკვე მთავარი ბრალდება, ის გაქრა, გაცამტვერდა და აგერ პირდაპირ მთელი საზოგადოების თვალწინ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე, შესაბამისად, ის პოზიციები, რასაც აცხადებდნენ და ახმოვანებდნენ ამ რადიკალური თუ პრაგმატული ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, ეფუძნებოდა სწორედ ამას, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და გახსოვთ, ყველა მათგანი დღეს რა განცხადებებიც მოვისმინეთ, ამბობდნენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარეშე მათთვის ყველაფერი არის მიუღებელი, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შედარებით უფრო პრაგმატულად და უფრო ჯანსაღად აფასებდნენ სიტუაციას.

რაზე უნდა მოველაპარაკოთ სანამ ბოდიშს არ მოიხდიან ამ ტყუილის გამო? რაზე უნდა მოველაპარაკოთ? ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნებს, ვამბობდით რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული და აჰა დღეს დადასტურდა, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა 45.8% -დან იყო 47.6%-მდე.

სანამ სამართლიანი არჩევნები განცხადებას გამოაქვეყნებდა, "ფორმულა" საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციაზე მიმდინარეობდა ზეწოლა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ისე შესაცვლელად, რომ ის ცესკოს მონაცემებს დაახლოებოდა. ორგანიზაციაში ამ ფაქტს უარყოფნენ, თუმცა ადასტურებენ შეხვედრას "ქართული ოცნების" წევრებსა და "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელს შორის.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა დღეს ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ასეთი შეხვედრის ფაქტი და მისი მიზანი ასე ახსნა: "ჩვენ გაგვიჩნდა ლეგიტიმური ეჭვი და მეთოლოგია გავარჩიეთ მათთან ერთად."

სამართლიანი არჩევნები კვლავ ამბობს, რომ ორგანიზაცია " 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში."

ამავე თემაზე: "ქართული ოცნება" "ISFED"-ს ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა

ISFED ხმის პარალელური დათვლის სისტემაზე - ხარვეზი გამოვლინდა გამოსათვლელ ფორმულაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG