Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჰქონდათ ვარაუდი, რომ მას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა.

ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG