Accessibility links

site logo site logo

მსოფლიოს ლიდერებმა სამიტით აღნიშნეს კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულების მეხუთე წლისთავი


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, თავიანთ ქვეყნებში „კლიმატური საგანგებო ვითარება“ გამოაცხადონ კატასტროფული გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად.

გუტერეშის თქმით, გლობალური საგანგებო ვითარება ძალაში უნდა დარჩეს მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული ნახშირბადის ნეიტრალურობა და ატმოსფეროში აღარ მოხდება სათბურის გაზების ემისია.

მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებმა ონლაინ რეჟიმში აღნიშნეს კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერის მეხუთე წლისთავი. მათ შორის არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ნოემბერში გამოვიდა ხელშეკრულებიდან.

„კლიმატური ამბიციების სამიტი“, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გაერო მასპინძლობდნენ, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

დღევანდელ სამიტზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ 600 მილიონ დოლარს გამოყოფს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული გლობალური ძალისხმევისთვის. მისი თქმით, „ყველა სახელმწიფომ უნდა შეძლოს დააფინანსოს კლიმატის დაცვისთვის აუცილებელი ინვესტიციები“.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ მისი ქვეყანა 2030 წლისთვის 65%-ით შეამცირებს ემისიას 2005 წლის დონესთან შედარებით.

პარიზის ხელშეკრულებით, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი, მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ზომები, რათა შეეცადონ ტემპერატურის ზრდა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ცელსიუსით 2 გრადუსზე დაბალი იყოს.

მაგრამ, როგორც გაერომ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ მიდინარე საუკუნეში ტემპერატურა 3 გრადუსზე მეტით გაიზარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG