Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო კიდევ 60 მილიონი ევრო COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად


ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს გრანტი COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად. თანხა განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, „აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან, რომელიც COVID-19-ის მიმართ მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში".

გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სახსრების გამოყოფის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფოს ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ.

დარჩენილი თანხა გამოიყოფა მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.

ამ ტრანშს წინ უსწრებდა 25 ნოემბერს, მიკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროს და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG