Accessibility links

logo-print logo-print

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი აღარ იზრდება


ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 1 კვირის ტენდენცია მიანიშნებს, რომ კორონავირსით ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით იკლებს. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი სიტყვებით, ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარკვეული ტენდენცია შეინიშნება - ზრდის მაჩვენებელი ჩერდება.

„აღარ გვაქვს ზრდა, გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირების. მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“. მისი განმარტებით, ტესტირების გაფართოების ფონზე, შეიძლება შეინიშნოს ზრდა, მაგრამ ეს არ იქნება გასული კვირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი.

მისი სიტყვებით, გაანალიზდა გასული კვირის მონაცემები, რამაც მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოკვეთა.

„თუ, ვთქვათ, 7 დეკემბერს იყო გამოვლენილი 4673 დადებითი ადამიანი და ჩატარებული იყო 16 600 ტესტი, დადებითობის პროცენტი გვქონდა 28%. 8 დეკემბერს, ისევ, 4734 გამოვლინდა 21 000 ტესტირებიდან და დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 22%-ზე. 9-ში ისევ 4570 შემთხვევა გვქონდა, უკვე დაახლოებით 20 ათასი ტესტის ფონზე და 23%-ზე იყო დადებითობის მაჩვენებელი. 10-ში 4146 შემთხვევა იყო 19 000 ტესტის ფონზე, დადებითობის მაჩვენებელი 22%-მდე იყო. 11-ში 3907 დადებითი შემთხვევა, დაახლოებით 19 ათასი ტესტის ფონზე და 20%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი და ეს 20% გვაქვს 12-შიც და 13-შიც, დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად გამოჩნდა ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ შედეგებს ამირან გამყრელიძე დაწესებულ შემზღუდველ ღონისძიებებს მიაწერს, რომელიც საქართველოს 8 დიდ ქალაქში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

„შემზღუდველმა ღონისძიებებმა, რომელიც უფრო მკაცრი იყო, სერიოზული როლი ითამაშა გაზაფხულზე, როდესაც ჩვენ შედარებით მსუბუქად დავძლიეთ გაზაფხულის ტალღა და ახლა ნოემბრის ბოლოს დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით (ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე) უკვე გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს ჩვენ გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში და მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვის ქვესვლა დაიწყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ეს არის პირველი ნიშნები, რაც დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ჯამში, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შედეგებზე გავლენა იქონია დაწესებულმა შეზღუდვებმა, გაფართოებულმა ტესტირებამ, ინფიცირებულთა დროულმა იზოლაციამ და პირბადის ტარების კულტურამ, რომელიც 65 % ზეა ასული.

„როცა ავალთ 90-95%-ზე, ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, ამ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. კითხვაზე, თუ რა იქნება პირადად მისი რეკომენდაცია - ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მისი რეკომენდაცია „ყოველთვის არის უფრო მკაცრი“.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, კორონავირუსზე გასულ 24 საათში ჩატარებული 6 554 ტესტიდან გამოვლენილია 1337 შემთხვევა. უქმე დღეებში, როგორც წესი, ტესტირების რაოდენობა იკლებს. გასული კვირის სამუშაო დღეებში ტესტირებულთა რაოდენობა დაახლოებით სამჯერ მეტი იყო და 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1839-მდე გაიზარდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 191 063 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 161 681.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG