Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდა


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

დღეს, 14 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ინდივიდუალური ხასიათი ჰქონდა და მასში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც მონაწილეობდა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულ მამუკა ხაზარაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ელჩებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

„ვერაფერს ვერ გეტყვით. მეხუთე რაუნდზე არ არის ლაპარაკი ჯერჯერობით“, - უთხრა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც დაინტერესდა, რას ელის იგი მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდისგან.

„შეთანხმებას, რომ ეს კრიზისი დამთავრდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, დაგეგმილია თუ არა მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ანალოგიურ ფორმატში შეხვედრა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც.

11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, არჩევნების შედეგების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. პარლამენტის შეკრებამდე, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველი პარტია მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG