Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ესებუას პატიმრობა შეუფარდა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ


ბიძინა ესებუა
ბიძინა ესებუა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარე გირაოს (10 000 ლარის) შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ოჯახი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩვენ ავხსენით ყველა დეტალი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე... და ეს ნათლად ჩანს, რომ ამ პირის მიმართ ხორციელდება არა სამართლებრივი ღონისძიებები, არამედ, სამწუხაროდ, ხორციელდება ზეწოლა, არასამართლებრივი და უკანონო. იმის გამო, რომ მისი ძმა ჩაბარდეს პოლიციას“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ადვოკატის სიტყვებით, ბიძინა ესებუამ იცოდა, რომ მათ ოჯახს უთვალთვალებდნენ და არცერთი გონიერი ადამიანი მსგავს საქციელს არ ჩაიდენდა ასეთ პირობებში. „ჩვენი შუამდგომლობა იყო, არ შეეფარდებინათ აღკვეთის არცერთი სახე, თუმცა ალტერნატივის სახით, დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ ჩვენი არცერთი პოზიცია არ გაიზიარა“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

დაკავებული ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ „ჩაუდო“. პოლიციამ 12 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა ძებნილ ბიძინა ესებუა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჰქონდათ ვარაუდი, რომ მას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა.

ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას საქმე სასამართლომ ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ბადრი ესებუას საქმესთან გააერთიანა. სხდომა 20 იანვარს დაინიშნა.

ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG