Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმებულია 5 პარტიის და ბლოკის კანდიდატთა საარჩევნო რეგისტრაცია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა განკარგულებები 5 საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

საარჩევნო სიიდან მოხსნეს:

ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ კანდიდატები №37-დან №177-ის ჩათვლით;

პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები №6-დან №150-ის ჩათვლით;

ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანდიდატები №5-დან №151-ის ჩათვლით;

„ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატები №2-დან №169-ის ჩათვლით;

პარტია "ლელოს" კანდიდატები №5-დან №139-ის ჩათვლით.

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განკარგულებები 14 დეკემბერს გამოსცა ამ საარჩევნო სუბიექტების ხელმძღვანელთა განცხადებების საფუძველზე.

საარჩევნო სიებში რჩებიან დეპუტატებად არჩეული წევრები, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს ცნო. სიის დანარჩენი წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ თუ დეპუტატებად არჩეული პირები მანდატზე უარს იტყვიან, მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში ვეღარავინ შევა.

ოპოზიციიდან პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ სამმა საარჩევნო სუბიექტმა - "გირჩმა", "პატრიოტთა ალიანსმა" და "მოქალაქეებმა".

2020 წლის 31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში "ქართულ ოცნებას" 90 დეპუტატი ჰყავს.

დანარჩენი 60 მანდატი 8 ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტზე განაწილდა:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;

„ლელო“ 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;

„გირჩი“ 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფს. 11 დეკემბერს გაიმართა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" არჩეული დეპუტატები ესწრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG