Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინა ღვინიანიძე: მერიას არ აქვს საცხოვრისის პოლიტიკა


ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

მერიას არ აქვს საცხოვრისის პოლიტიკა და ფაქტობრივად თბილისში არ არსებობს ადეკვატური სოციალური სერვისები, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ შესაბამისად აბსოლუტურად ბუნდოვანია იმ ადამიანების მომავალი, რომელთა სახლების დემონტაჟიც 15 დეკემბერს განახორციელა თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

„მათ არ იციან, რა შეიძლება შესთავაზოს მერიამ და ფაქტობრივად მათ ჰგონიათ, რომ მერია არც არაფერს არ შესთავაზებს. და უმეტეს შემთხვევაში ასეც არის“, - აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ. გადაცემაში მან განმარტა, რამდენად ადეკვატური და ეფექტური შეიძლება იყოს მერიის ისეთი შეთავაზებები, როგორებიცაა თავშესაფარი და ქირით გაყვანა:

„თავშესაფარი არის განკუთვნილი მიუსაფარი ადამიანებისთვის, ოღონდ ერთსულიანი შინამეურნეობებისთვის, როცა ადამიანს არავინ არ ჰყავს და მას უნდა ღია სივრცეში ყოფნის შემთხვევაში ღამის გათევა თბილ თავშესაფარში. ეს არის მხოლოდ ამ თავშესაფრის მიზანი და მეორე დილას ის ვალდებულია დატოვოს თავშესაფარი. ეს არ არის ადგილი, სადაც ოჯახები იცხოვრებენ. აქ ვერ იცხოვრებენ ბავშვები, ეს თავშესაფარი გაყოფილი არის ქალების და კაცების ადგილად, ნაწილებად და ეს არის ერთიანი სივრცე ძილისთვის, სველი წერტილები, სასადილო არის ერთიანი. ანუ ეს არის სრულიად რეჟიმული დაწესებულება, სადაც ერთი ღამე შეიძლება გაათიო ადამიანმა. ამდენად ეს არ არის გადაწყვეტა იმ პრობლემების, რომლებზეც გუშინ ვსაუბრობდით აფრიკის დასახლებაში“, - აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ და აქვე განმარტა, რომ საცხოვრებელის პრობლემის გრძელვადიან გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს ვერც ბინის ქირის პროგრამა, რომელიც დედაქალაქში მუშაობს:

„ჩვენც და სახალხო დამცველიც წლებია ვსაუბრობთ, რომ ეს არის გადაყრილი, ქარს გატანებული თანხა იმიტომ, რომ ეს არის სერვისი სრულიად არამდგრადი, რომელიც არის ექვსთვიანი და ამ სერვისის მიღებაზე ხშირად უარს ამბობენ უსახლკაროები და ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონია და სწორედ იმიტომ, რომ არ იციან რა მოხდება 6 თვის თავზე. და ძალიან ხშირად ეს ადამიანები რჩებიან სერვისის მიღმა. მერია ეუბნება, რომ დასრულდა თქვენთვის ქირით სარგებლობის ვადა და ეხლა თქვენ უნდა დაიწყოთ ისევ საკუთარ თავზე ზრუნვა. და ბუნებრივია მათთვის თვითგადარჩენის ის ფორმები, რომელიც მათი აზრით არის უფრო მდგრადი, არის უფრო მეტად მისაღები. სწორედ ამიტომ თბილისში გვაქვს არა მხოლოდ ისეთ ადგილები, როგორიც არის აფრიკა, და აფრიკა არ არის გამონაკლისი, თავად თბილისის მერიის დათვლით რამდენიმე წლის წინ თბილისში იყო 400-ზე მეტი ობიექტი, სადაც ადამიანები არიან შეჭრილები და სადაც ისინი თვითდახმარების მიზნით იკავებენ ფართებს“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლინა ღვინიანიძემ.

15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG