Accessibility links

site logo site logo

3 სიმღერა ღარიბებზე


ეს ისე, არაფერთან არაფერ შუაშია. უბრალოდ, სამი სიმღერაა ღარიბებზე.

პირველია ჯონ გორკას „Where The Bottles Break“.

ადგილი, „სადაც ბოთლებს ამსხვრევენ“ ღარიბული უბანია, რომლის მაცხოვრებლებიც უბრალოდ თავის გატანას ცდილობენ - არც კარგები არიან, არც ცუდები - უბრალოდ ადამიანები არიან. უნდათ, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის.

„ასე ხდება, როდესაც ფული ჩნდება, ველურებს და ღარიბებს გვერდით მიაგდებენ“. თუმცა, გორკას გმირებს ბულდოზერებით კი არა, ქირის გაძვირებით ემუქრებიან. გარედან მოსულები აქ საცხოვრებელ უბანს კი არა, მიწას ხედავენ, რომელზეც კარგად შეიძლება ხელის მოთბობა. „იაფად იყიდი, ძვირად გაყიდი, გამდიდრდები, თუმცა, ბოლოს მაინც მოკვდებიო“ - მღერის გორკა და შემდეგ ახსენებს მდიდარ დონალდს, რომლის გვარიც არ ახსოვს, თუმცა jump-ს კი ერითმება.

დღეს პოლიტიკური ხასიათის განცხადებად ჟღერს, თუმცა სიმღერა 1991 წელსაა დაწერილი.

მეორეა „აუტსაიდერის“ „მაფია“.

ეს სიმღერა მაინცდამაინც ღარიბებზეც არაა. როდესაც დაიწერა, მაშინ საქართველოში ასე, ცალკე გაჭირვებულები არც არსებობდნენ. ფული არავის ჰქონდა - მაფიის გარდა.

მაფიას მხოლოდ სიზმარში თუ დაბრიდავდი. ისე კი, შეიძლება ორი კაპიკი შენთვისაც გადმოეგდო. თუ კარგად იცეკვებდი. გამოსავალი მხოლოდ ეგაა. თუ გინდა, რომ მიწა არ დაკარგო, წყენა უნდა დავივიწყოთ და ყველამ ერთად ვიცეკვოთო - მღერის რობი.

მას მერე რაღაცეები შეიცვალა. რაღაცეები - არა.

მისამღერში გადმოცემული მოწოდება დღესაც ალბათ ძალაშია. „იცეკვე! იცეკვე! თუ გშია!“

მესამეა ტალიბ კველის Ghetto Show.

ესეც ღარიბების უბანზეა. გეტოზე - თავისი მშიერი ბავშვებით, ჯართის მომგროვებლებით, გატეხილი ფანჯრებით... აქაც შიათ და აქაც ცეკვავენ. თუმცა, იმიტომ კი არ ცეკვავენ, რომ შიათ, არამედ იმიტომ, რომ ეცეკვებათ.

ამ სიმღერაში აღწერილ გეტოში ცხოვრება არავის მოუნდება, მაგრამ იქაურებისთვის ეგ უბანი სახლია. ცხოვრობენ. ერთობიან. მუშაობენ.

პატივი ეცი ამ ხალხსო - ამბობ ტალიბ კველი. სახლში შემოსვლისას ფეხზე გაიხადეო.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG