Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: შეზღუდვების გარდამავალი შედეგი ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერებაა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას შეფასებით, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული მიზნობრივი შეზღუდვების გარდამავალი შედეგია ინფექციის გავრცელების ტემპის შეჩერება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახარიამ თქვა, რომ ტესტირების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია: „პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს“.

გიორგი გახარიას თქმით, მოხერხდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების სისწრაფის შეჩერების პირველი ამოცანის შესრულება, თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.

გახარიას განცხადებით, როცა ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს და ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ, მათ შორის, საახალწლო-საშობაო შეზღუდვებს, საქართველოს თითოეული ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი, გონივრული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს გარდამავალი მცირედი მიღწევის შესანარჩუნებლად: „დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც“.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყველას მოუწოდა. ახალ წელს მოკრძალებულად შეხვდნენ და თავი აარიდონ დიდ წვეულებებს.

საქართველოს დიდი ქალაქებში 28 ნოემბრიდან დახურულია დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია და დახურული ბაზრობები. არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტანსპორტი. ამ შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იგეგემება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის პირველი ათი დღის განმავლობაში, ტესტირების გაფართოების ფონზე, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობდა 4-5 ათასის ფარგლებში. ბოლო ერთი კვირაა ეს მაჩვენებელი 4 ათასზე ნაკლებია, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 2981 შემთხვევა აღირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG