Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.

ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა.

ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს", „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლელოს“ და ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიებით არჩეულმა დეპუტატებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG