Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიცირებულია კანონპროექტი, რომელმაც ენმ-ს შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. იგი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას. მისივე თქმით, რეგულაცია პარტიის აკრძალვას არ გულისხმობს:

„ეს არ არის პარტიის აკრძალვა, პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან, ანუ პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც საარჩევნო პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის შემთხვევაში პარტიას საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებენ.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულითა და სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს პრობლემების შექმნას... ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური ცენზის აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს დემოკრატიულ განვითარებაში", - აღნიშნავდა ირაკლი კობახიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო. პარტია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და ასე გაიმარჯვა და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG