Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარიყალა დასახელდა ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს შორის


ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 ასეთი ძეგლი შეარჩია კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში არიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. შერჩევისას განიხილებოდა ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა და ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

კომისიის მიერ შერჩეული 12 ძეგლიდან 2021 წლის მარტში დასახელდება 7 ძეგლი. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელი „ევროპა ნოსტრა“ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.

პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს 10 000 ევრომდე გრანტი შეთანხმებული საქმიანობისთვის, რომელიც მიმართული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისკენ.

ნარიყალასთან ერთად 12 ძეგლს შორის მოხვდნენ ახენზეეს რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან-დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კიოლნში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

1827 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვედა გამაგრების ნაწილობრივ აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

ძეგლის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ თბილისის მერიამ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია.

XS
SM
MD
LG