Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა მთავრობის ოპონენტების განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა.

სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას გომელაურმა განაცხადა, რომ „სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით“.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის თანახმად, მატებაა გარკვეული სახის დანაშაულზე: კიბერდანაშაული გაზრდილია 24%-ით, ოჯახში ძალადობა 8.5%-ით და მკვლელობა 11%-ით.

მიზეზებზე საუბრისას გომელაურმა თქვა, რომ კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მატების ტენდენცია კი განპირობებულია მზარდი მიმართვიანობით.

ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დანაშაულის მატების განცდას ქმნის ის, რომ ხშირად მედიასაშუალებები ინტენსიურად აშუქებენ მცირე ინციდენტებსაც კი: „ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ყაჩაღობა შემცირებულია 42%-ით, გამოძალვა 34%-ით, ძარცვა 25%-ით, ქურდობა 12%-ით, ბინების გაქურდვის ფაქტები 28%-ით და მკვლელობის მცდელობა 5%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG