Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 49 კოვიდინფიცირებულიდან ერთი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. ის რუსთავის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც მისი ახლობელი "მთავარ არხს" უყვებოდა, ახალგაზრდა მამაკაცი ავად რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, თუმცა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ აღებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"მოიყვანეს 10 რიცხვში, მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე. ჩვენთან ჩატარებული ტესტით დადასტურდა კოვიდი. ფილტვები თითქმის 100 პროცენტით იყო დაზიანებული. თავიდანვე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. მკურნალობა შეთანხმებული იყო კლინიკურ ჯგუფთან, რომელიც მართავს სიტუაციას ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის მენეჯერმა, ირაკლი გიორგაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ხდება ხოლმე, როცა პაციენტს პირველადი ტესტირებისას ვირუსი არ უდასტურდებათ და ინფიცირების დადგება მხოლოდ ხელმეორე შემოწმების დროს ხდება ხოლმე.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 002-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG