Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობენ, რისი დასტურიც მისი ძმის დაპატიმრებაა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მუშაობენ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შესული თავდამსხმელის დაკავებაზე. მან ამის დასტურად თქვა, რომ დააკავეს ბრალდებულის ძმა.

"ხედავთ, რომ ვმუშაობთ ამ თემიდან გამომდინარე. ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, აკრძალული ნივთები. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ", - თქვა გომელაურმა.

თითქმის 2 თვის წინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც რამდენიმე მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე დღეში მედიაში სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გავრცელდა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ საქმეზე ეძებდნენ ყოფილ სამხედროს, ბადრი ესებუას.

ბადრი ესებუა ამ დრომდე არ უპოვიათ, მისი ძმა, ბიძინა ესებუა კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის შემდეგ ძმებს ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG