Accessibility links

site logo site logo

ვირჯინია ვულფი: დიდი ლიტერატურა როგორც პატარა სასწაულების სინათლე


სალომე ასათიანის პოდკასტი


„მე სასოწარკვეთილი ვიქნები, ან ბედნიერი. ვიქნები ერთი უხვსიტყვიანი და სენტიმენტალური ქმნილება - ან ვიქნები მწერალი და დავწერ ისეთი ინგლისურით, რომლითაც ერთ დღეს ფურცლები აალდება“.

ამ სიტყვებს 1907 წელს 25 წლის ინგლისელი ქალი, ვირჯინია სტივენი - მომავალში, დაქორწინების შემდეგ ვირჯინია ვულფი - თავის მეგობარს წერს. რამდენიმე წელიწადში მისი ინგლისურით ფურცლები მართლაც აალდა. ის გახდა მწერალი, რომელმაც ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა ლიტერატურის პანთეონში. ჯეიმზ ჯოისთან და უილიამ ფოლკნერთან ერთად, ვირჯინია ვულფი ინგლისურენოვანი მწერლების იმ მთავარ სამეულშია, რომლებმაც, თავიანთი მოდერნისტული ექსპერიმენტებით, ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალეს.

ლიტერატურის თეორეტიკოსები ერთხმად და სხაპასხუპით გვეტყვიან, რომ ვირჯინია ვულფი უბადლოდ ახერხებს აღწეროს თანამედროვე, არამყარი, ფრაგმენტირებული სამყარო, მოიხელთოს ადამიანების წამიერი განცდები, შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები. ლიტერატურის ისტორიკოსები აუცილებლად ახსენებენ სიტყვათშეხამებას „ცნობიერების ნაკადი“ და ილაპარაკებენ იმაზეც, რომ მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წინადადების ფორმასაც კი მიაგნო - რომელიც, ერთი კრიტიკოსის სიტყვებით, „თავისუფლად ვითარდება, გრძელია, მოიცავს დაკვირვებების და მოსაზრებების ფრაგმენტირებულ ციკლს, არსად ჩქარობს, არ არის დამძიმებული ‘ამბის’ მოყოლის საჭიროებით - და მაინც სამართებლის სიზუსტით მოძრაობს“.

რომანების გარდა, მკითხველი ისევ და ისევ უბრუნდება ვულფის ესეებს, მემუარებს, ექსპერიმენტებს ბიოგრაფიის ჟანრში, მის ემოციით მფეთქავ დღიურებს, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ფემინისტურ პოლემიკას. ლიტერატურის ისტორიას დიდი მწერალი ბევრი ახსოვს - მაგრამ ვულფის მსგავსად ცოტას თუ აღუძრავს ასეთი ინტერესი, ამდენი ინტერპრეტაცია, ასეთი გატაცება მისი ბიოგრაფიით. ვირჯინია ვულფს - თავად მას, როგორც ფიგურას, ქალს, როგორც სახეს - აქვს კიდევ რაღაც „სხვა“, რაც სცდება მხოლოდ სამწერლო ოსტატობით აღტაცებას და მკითხველში ხშირად უცნაურ და ინტენსიურ ვნებას, ემოციას, ინტერესს აღძრავს. მის იდუმალებას აძლიერებს მისი სიკვდილის თითქმის კინემატოგრაფიული სცენაც - 59 წლის ვირჯინია ვულფი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში დროდადრო დეპრესია და ფსიქიკური სირთულეები ტანჯავდა, მორიგ ჯერზე გრძნობს ემოციური აშლილობის მოახლოებას. 1941 წლის 28 მარტს ის პალტოს ჯიბეებში ქვებს ჩაიწყობს და სასექსში, თავის სახლთან ახლოს, მდინარეში დაიხრჩობს თავს.

ალექსანდრა ჰარისი
ალექსანდრა ჰარისი

„საქმე უცნაურ ფენომენთან გვაქვს. არ მახსენდება არც ერთი სხვა მწერალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მუშაობას და მხატვრულ ლიტერატურაში რევოლუციის მოხდენის მცდელობას, მაგრამ ახალი მკითხველის უმრავლესობა პირველ კითხვას იმის შესახებ სვამს, თუ როგორ მოკვდა ის. ეს, ალბათ, ნაწილობრივ უკავშირდება მის იმიჯს, ზოგიერთ ფოტოს, რომელზეც ის ძალიან მგრძნობიარედ, მელანქოლიურად გამოიყურება. ეს იმიჯი ეხმიანება რომანტიკული ტანჯვის, გამორჩეული ნიჭის სახეებს. და ეს ნაწილობრივ ასეც იყო - ვირჯინია ვულფი მართლა იყო სათუთი ბუნების, მას მართლა ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, და მან სიცოცხლეც მართლა თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ სიკვდილამდე მან დაწერა მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული წიგნები, იყო ესეისტი, დააარსა თავისი საკუთარი საგამომცემლო ბიზნესი, ძალიან უყვარდა საზოგადოებაში ყოფნა, მართავდა ქალაქში საუკეთესო წვეულებებს“.

ამას ბრიტანეთში ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსი, ვირჯინია ვულფის ბიოგრაფი და "ასათიანის კუთხის" ამ ეპიზოდის სტუმარი, ალექსანდრა ჰარისი ამბობს. მასთან ერთად ვლაპარაკობთ ვირჯინია ვულფის ბავშვობაზე - რომელიც მისი შემოქმედებისთვის ერთ-ერთ განმსაზღვრელ თემად რჩება და კულმინაციას აღწევს მის ემბლემატურ, ელეგიურ, იმპრესიონისტულ რომანში, 1927 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გზა შუქურისკენ“. ვლაპარაკობთ მისი პროზის სპეციფიკურ მახასიათებლებზე - ტრადიციული სიუჟეტისგან დაშორებაზე და ლიტერატურული ფორმების, თუ მუდმივად მოძრავი, ცვალებადი, დინამიკური მთხრობლის ხმის პოვნაზე ადამიანების წამიერი, წარმავალი, იდუმალი, მაგრამ ჩვენთვის მაინც მძაფრი და უმნიშვნელოვანესი შეგრძნებების და აღმოჩენების აღსაწერად.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

მაგრამ ვირჯინია ვულფის ლიტერატურის ძალის გასაგებად მხოლოდ ლიტერატურის თეორია არ არის საკმარისი. მის ტექსტებზე - როგორც წერის პროცესზე, ისე ფორმაზე, თემატიკაზე თუ შინაარსზე - მძლავრ გავლენას ახდენდა ფსიქიკური სირთულეების გამოცდილება, რომელსაც თავად მწერალი წყევლადაც მიიჩნევდა და გამართლებადაც. მან იცოდა, რომ ინტენსიური, განსაკუთრებული მგრძნობელობის, როგორც თავად უწოდებდა „შოკის“ მომენტები იყო ის, რაც მისთვის წერას, თუ ზოგადად შემოქმედებითობას ხდიდა შესაძლებელს. თუმცა, ავადმყოფობის ეპიზოდების გამო, ვულფმა ისიც იცოდა, თუ რას ნიშნავდა კავშირის დაკარგვა ჩვეულებრიობასთან, ყოველდღიურ, რუტინულ და ტრივიალურ ყოფასთან, რომელიც მას ძალიან უყვარდა და რომელსაც თავის რომანებში უცნაური, ლამის ჯადოსნური ელფერით აღწერს. ალექსანდრა ჰარისთან ერთად ვსაუბრობთ ვულფის ცხოვრებაში „შეშლილობის“ და „ჩვეულებრიობის“ ურთიერთმიმართების მნიშვნელობაზე და მის 1925 წელს გამოქვეყნებულ რომანზე „მისის დელოუეი“, რომელშიც ეს მიმართება ალბათ ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა.

ეპიზოდის მეორე ნაწილში ალექსანდრა ჰარისი გვიყვება ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანზე ვულფის პირად ცხოვრებაში - პოლიტიკის თეორეტიკოსზე და მწერალზე, ლენარდ ვულფზე, რომელიც ვულფის ქმარი, მეგობარი, პირველი მკითხველი, მასთან ერთად გამომცემლობა „ჰოგარტ პრესის“ დამაარსებელი და, რაც ყველაფერზე მთავარია, მისი ემოციური საყრდენი და თავშესაფარი იყო, და ქარიზმატულ არისტოკრატ მწერალ ქალზე, ვიტა სეკვილ ვესტზე, რომელთანაც ვირჯინიას ათწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და რომლის შთაგონებითაც მან თავისი დინამიკური და კალეიდოსკოპური რომანი, „ორლანდო“ დაწერა.

ეპიზოდის ბოლოს ვილაპარაკებთ ვირჯინია ვულფის პოლიტიკურ და ფემინისტურ პუბლიცისტიკაზე - რომელიც კვლავ მწვავე და აქტუალურია და დღემდე აღძრავს ვნებიან დისკუსიებს. და, ცხადია, წავიკითხავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწყვეტს მისი ლიტერატურიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG