Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში იწყება მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა


საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის და მისი 2021-2024 წლების პროგრამის: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ განხილვას.

დღეს რვა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის ხუთ კანდიდატს მოუსმენენ.

საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარდგებიან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები.

ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ მედიას უთხრა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში უფლებამოსილების შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე კი საქმიანობას სამთავრობო გუნდში გააგრძელებს.

მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის განხილვა ხვალ, 22 დეკემბერსაც გაიმართება. პარლამენტის შვიდი კომიტეტის წევრები 6 კანდიდატს მოუსმენენ. 23 დეკემბერს მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მოუსმენს, 24 დეკემბერს კი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და მის პროგრამას კენჭი ეყრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება სულ მცირე 76 ხმა. მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატია. 50-ზე მეტმა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG