Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ნავალნისა და მისი მოწამვლის სავარაუდო მონაწილის საუბრის ჩანაწერი


ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა: „ცოტა მეტ ხანს რომ გაგრძელებულიყო, მაშინ, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. აი, ხედავთ, ასე მოხდა... ეს სწორედ ის ცუდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს საქმეში შეიძლება იყოს.“ ნავალნისთან თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე მოათავსეს.

დარეკვის მომენტში ნავალნიმ უკვე იცოდა, რომ კუდრიავცევი მონაწილეობდა მის თვალთვალში, ასევე ომსკში ჩაფრინდა უკვე მას შემდეგ, რაც ნავალნი ბერლინში გაამგზავრეს სამკურნალოდ, იტყობინებიან გამომძიებლები. მანამდე The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ კუდრიავცევი, რომელიც ქიმიური თავდაცვის სფეროს სპეციალისტია, სპეციალურად გაფრინდა ომსკში, ვინაიდან იცოდა, როგორ უნდა გაექრო შხამის კვალი.

საუბარში კუდრიავცევი აღნიშნავს, რომ გასაწმენდად საჭირო ტანსაცმელი მას გადასცა „მიხაილმა“, რომელიც ფსბ-ში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივ სამმართველოს განაგებს. როგორც იტყობინებიან, „მიხაილი“ არის მიხაილ ვალერის ძე ევდოკიმოვი. მან უარი თქვა პირდაპირი ხაზით საუბარზე, მაგრამ დაადასტურა, რომ კუდრიავცევს ტანსაცმელი გადასცა და სატრანსპორტო მილიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.

კუდრიავცევი ასახელებს მოწამვლის სხვა სავარაუდო მონაწილეებსაც. მათ შორისაა ვასილი კალაშნიკოვი, რომელიც არ ფიგურირებდა Bellingcat-ის გამოძიებაში. The Insider-ის მონაცემებით, კალაშნიკოვი არის გაზური ქრომატოგრაფიის სპეციალისტი. ესაა ქიმიური ნივთიერების გამოვლენის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ნერვულ-პარალიტიკური შხამის აღმოსაჩენად ბიოლოგიურ სინჯებში.

ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა 20 აგვისტოს კომაში აღმოჩნდა. პილოტებმა ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეს და თვითმფრინავი დასვეს უახლოეს აეროპორტში - ომსკში, სადაც ნავალნი საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნავალნის შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი გაუკეთა. მოგვიანებით დამოუკიდებელმა ევროპულმა ლაბორატორიებმა, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ არიან სერტიფიცირებული, დაადგინეს, რომ ნავალნი საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

XS
SM
MD
LG