Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსეთმა და რუანდამ ქვეყანაში ჯარები გაგზავნეს


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსეთმა და რუანდამ ასობით სამხედრო განალაგეს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. ეს განცხადება მთავრობამ 21 დეკემბერს გააკეთა. მანამდე ორი დღით ადრე მან ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ბოზიზეს ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მას მერე, რაც მეამბოხეთა ჯარები დედაქალაქ ბაგუისკენ დაიძრნენ.

ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეამბოხეები მოიგერიეს და ვითარება „კონტროლს ექვემდებარება“.

ბოზიზემ უარყო, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს პრეზიდენტ ფოსტან-არკანჟ ტუადერას წინააღმდეგ.

ტუადერა, რომელიც 2016 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მეორე ვადით იყრის კენჭს 27 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ კანდიდატობაზე უარი უთხრა ბოზიზეს.

მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „რუსეთმა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება გაგზავნა“ მოსკოვსა და ბანგის შორის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, იტყობინება AFP.

რუანდამ განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში „თავდაცვითი ძალები“ გაგზავნა მას შემდეგ, რაც თავს დაესხნენ მის სამხედროებს, რომლებიც გაეროს კონტინგენტის შემადგენლობაში შედიან.

კრემლის თქმით, კრიზისი „სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა“, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია ცნობაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში რუსეთის ჯარები განალაგეს.

რუსეთი უკანასკნელ ხანებში მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და არასტაბილური ქვეყანაა, თუმცა მას მოეპოვება ისეთი რესურსები, როგორებიცაა ალმასი და ურანი. ამჟამად ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებიან მთავრობის ჯარების დასახმარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG