Accessibility links

logo-print logo-print

ახალგორელი კაცი გარდაიცვალა სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემდეგ


ახალგორი

სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემდეგ კიდევ ერთი ახალგორელი გარდაიცვალა. 80 წელს გადაცილებული გოგია თათარაშვილი ბოლო დრომდე დაბაში იმყოფებოდა და მას ადგილობრივი ექიმები ტრანსპორტირების უფლებას არ აძლევდნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა და მან ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ახალგორის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ გობოზოვმა მას საქართველოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის უფლება მანამდე არ მისცა, ვიდრე მოხუცი კომაში არ ჩავარდა.

როგორც ცნობილია, ბოლო დროს თათარაშვილს ფილტვების პრობლემა ჰქონდა და ოკუპირებული დაბიდან მის ტრანსპორტირებას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ითხოვდნენ. საბოლოოდ თათარაშვილი უკვე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს მცხეთის კლინიკაში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

გასულ კვირას ოკუპირებულ დაბაში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 63 წლის გურამ სტეფანოვს სიმსივნე ჰქონდა. ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობდა, ახალგორის საავადმყოფოშიც მძიმე მდგომარეობაში ორჯერ მოხვდა, მაგრამ გადარჩა, საბოლოოდ კი მაინც დამძიმდა და ადგილობრივმა სასწრაფომ მისი დახმარება ვეღარ შეძლო. როგორც გარდაცვლილის დამ, მანანა სტეფანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, გზა რომ გახსნილი ყოფილიყო ძმას სამკურნალოდ თბილისში გადმოვიყვანდიო.

დე ფაქტო ხელისუფლებამ დაბა ახალგორი 1 წლისა და 3 თვის წინ ჩაკეტა. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ.

ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. საქართველოს სახელმწიფო უწყებების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია, 16 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ ვერ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება თბილისის კლინიკებში. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია. ახალგორელები შექმნილი ვითარების გამო, როგორც თბილისს, ისე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG