Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც მისთვის სანქციების დაწესების საქმეში აქტიურობდნენ


GENERIC – Barrier gate being closed with flag of Russia as a background. Russian restricted entry or certain ban. 3D rendering

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა ევროპის კავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც მოსკოვში მიიჩნევენ სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებად“. კერძოდ ვის დაუწესეს სანქციები, არ არის ცნობილი. ამ პირების სია გადაეცათ შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს, რომლებიც მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

კრემლის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესა ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. „ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იქვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთი სამაგიერო სანქციების შემოღებას აპირებდა. გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომელთა ლაბორატორიებმა მიაგნეს ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ კვალს. შხამის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც, რომელიც რუსეთმა 21 დეკემბერს გააკრიტიკა ცალკე განცხადებაში.

ელჩები სამინისტროში დაიბარეს მეორე დღეს მას მერე, რაც ნავალნიმ გამოაქვეყნა თავისი საუბრის ჩანაწერი, როგორც ამტკიცებენ, ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევთან, რომელიც, რადგან ფიქრობდა, რომ ესაუბრება უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეს, აღიარებს, რომ ნავალნი სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოწამლეს და დეტალებს ჰყვება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნავალნის უთვალთვალებდნენ, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის ეფ-ეს-ბე-მ განაცხადა, რომ ჩანაწერი ფალსიფიკაციაა. რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია თავისი ვერსია, რა დაემართა ნავალნის 20 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG