Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს გეგმავს საბრძოლო „დრონების“ შეძენას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ის ამბობს, რომ იგეგმება „დრონების" შეძენა.

„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - თქვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე, ილაპარაკა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ავიაციის პარკის განახლების თემაზე. „2018 წელს დასრულდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და ჩვენ მივიღეთ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ებრაელ პარტნიორებთან, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც. ღარიბაშვილმა, აგრეთვე, თქვა, რომ საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომდევნო წლებში თავდაცვის ძალებს სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი ექნება.

პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG