Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ სამგორის რაიონში 7 ნაგებობა დაანგრია


დღეს დილით, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 ნაგებობა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა.

5 მათგანი დაუსრულებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. ეს ორი ნაგებობა აფხაზეთიდან დევნილმა და-ძმამ ააშენა. ძმას, ლევან ფიფიას ჰყავს ცოლი და 3 შვილი, რომლებიც დემონტაჟის დროს სხვაგან იმყოფებოდნენ.

ფიფიას ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები დილის 7 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, რომ დემონტაჟი უნდა დაიწყონ. ლევან ფიფიას თანახმად, სახლებს 2010 წლიდან, ეტაპობრივად აშენებდნენ და ბოლო დრომდე არავის გაუფრთხილებია, რომ მშენებლობა უკანონო იყო და უნდა შეეწყვიტათ. ლევან ფიფია ამბობს, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, გარდა მშობლების ერთოთახიანი ბინისა, სადაც თავის ცოლ-შვილთან ერთად ვერ ეტევიან.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, 7 უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის მეპატრონეებს 4 დღეს აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში დემონტაჟს თავად დაიწყებს.

15 დეკემბერს, თბილისის მერიის სამსახურებმა 10-ზე მეტი უკანონო ნაგებობა დაანგრიეს სამგორის რაიონში, "აფრიკის დასახლებაშიც", რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG