Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში


თბილისის მერიის დავალებით დღეს აფრიკის დასახლებაში 12-მდე შენობა ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს. მფლობელებმა შენობები სხვადასხვა დროს დედაქალაქის კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ ააშენეს. ადგილობრივები, რომლებიც დემონტაჟს ადევნებდნენ თვალს, ამბობენ, რომ ნაგებობები უკიდურესად ღატაკ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აქ ის ოჯახები სახლდებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ. მათ პატარა სახლების მშენებლობა სესხით წამოიწყეს.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სახლების დიდი ნაწილი, რომელიც კორნელი სანაძის ქუჩას ორივე მხარეს მიუყვება, კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზეა აშენებული. დასახლებაში, სადაც ატალახებული გზა მიდის, ბულდოზერმა, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმუშავა. დემონტაჟის პროცესს რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა. მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა. 12 ადამიანი პოლიციამ მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, 1 - სისხლის სამართლის კოდექსით. ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულები თავისუფლები არიან.

მერიამ ნგრევის შესახებ გადაწყვეტილება უკმაყოფილო მოქალაქეების ხმაურიანი პროტესტის თანხლებით მოიყვანა სისრულეში.

თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს მხოლოდ ისეთი შენობები დაანგრიეს, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა და პატრონები დემონტაჟის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. სვანაძის ქუჩის მოსახლეობა, რომელიც დანგრეული შენობების მეზობლად ცხოვრობს, შიშობს, რომ მომავალში მათაც იგივე ბედი ელით.

"გასაგებია, რომ უკანონოდ ააშენეს და მიტაცებულ ტერიტორიაზე ააშენეს, მაგრამ მიტაცებული არ არის, საქართველოა და ყველასია. ააშენეს ნაგავსაყრელზე იმიტომ, რომ ელემენტარულად სახლი ჰქონოდა. მოგვადგნენ და ზოგს, ვინც ცხოვრობდა, იმას დაუნგრიეს და ვინც აპირებდა უკვე გადმოსვლას... ახალი წელი მოდის, კორონავირუსია, კომენდანტის საათია, გარეთ დაგტოვებენ და მერე შეიძლება ვინმე მოვიდეს, გარეთ რატო ხარო და დაგაჯარიმოს", - ამბობს ადგილობრივი შოთა ჯანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

ის ხელისუფლებას სთხოვს, მისცეს გრძელვადიან პერიოდში მიწის გამოსყიდვის და უკანონო შენობების დაკანონების შესაძლებლობა. ეს აქ მცხოვრებთა საერთო სურვილია.

აფრიკის დასახლების პრობლემებზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ საუბრობდა ისანი-სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი.

“ეს არის უბანი, სადაც ყველაზე ბევრი პრობლემაა... წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში 72 ქუჩას არ ჰქონდეს კანალიზაცია და ასფალტი”, - ამბობდა იგი კამერების წინ.

ამავე განცხადებაში, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, სოზარ სუბარი ზოგადად ლაპარაკობს აფრიკის დასახლების კიდევ ერთ - უნებართვო მშენებლობების და უკანონოდ მითვისებული მიწების - პრობლემაზე:

“არის სერიოზული პრობლემა, რაც შეეხება დაკანონების იმ შენობების, რომლებიც აქ წლების განმავლობაში ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ. 60-იანი, 70-იანი წლებიდან და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, რომ ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს და მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ ეს პრობლემები არ გადაწყდება”, - ამბობს იგი ვიდეოს ბოლოს.

იმ მოქალაქეებმა, ვინც დემონტაჟს შეესწრო, დღეს ჟურნალისტებთან გაიხსენეს, რომ წინასაარჩევნოდ სოზარ სუბარი ქონების დაკანონებაში დახმარებას მათაც დაჰპირდა. დემონტაჟის დროს უკვე არჩეული დეპუტატი კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, პარლამენტის შენობაში მან ჟურნალისტებს უთხრა:

“ვპირდებოდი ერთსა და იმავეს - სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია, გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას. ადამიანებმა, რომლებმაც თუ მართლა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ააშენეს [სახლები] და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, [უნდა დაემორჩილონ კანონს], ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ”.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა თბილისის მერი, კახა კალაძეც. მან მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი, მუნიციპალიტეტის ხარჯით, ბინების ქირაობა შესთავაზა.

"ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად წარმართვა შეუძლებელია... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ნაგებობა, რომელიც დაექვემდებარა დემონტაჟს, არ იყო დასრულებული და არავინ ცხოვრობდა იქ", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. ნინო ლომჯარიას თქმით, მერიის დაქვემდებარებაშია უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელშიც არის ადგილები, თუმცა არა ოჯახებისთვის და არასრულწლოვნებისთვის.

"უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა... აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც", - დაწერა ნინო ლომჯარიამ "ფეისბუკზე".

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც სახლები დაუნგრიეს, მედიასთან მათი თანხმობის გარეშე ვერ დააკავშირებენ, რადგან ეშინიათ, რომ სოციალური დახმარება არ დაკარგონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG