Accessibility links

logo-print logo-print

პარტიებს მანდატების გაუქმებამდე დაფინანსება არ შეუწყდებათ - ანრი ოხანაშვილი


"ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებმა დაწერეს განცხადება მანდატების შეჩერებაზე, დაფინანსება ჯერ არ შეუწყდებათ. ამის შესახებ მან პარტიების დაფინანსების წესების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მანდატების დატოვების საკითხს საგაზაფხულო სესიიდან დაუბრუნდებიან.

მისი თქმით, დაფინანსება პარტიას იმ დრომდე არ შეუწყდება, სანამ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ასევე, მან განმარტა, რომ პარტია დაფინანსებას მიიღებს, თუ მანდატებზე უარს არ იტყვის მათი სიით გასული დეპუტატების ნახევარი.

"საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა გაარკვიოს, ნამდვილია თუ არა მისი ნება. ასევე, არსებობს რაღაც ვადა წერილის უკან გახმობის. ვიდრე პარლამენტის დეპუტატს არ შეუწყდება უფლებამოსილება, ის ითვლება პარლამენტის დეპუტატად", - ასე ახსნა ოხანაშვილმა პროცედურა, რომელიც დეპუტატებს მანდატზე უარის თქმის შესახებ განაცხადების უკან გახმობის შესაძლებლობას აძლევს.

კანონპროექტის წარმდგენმა, ანრი ოხანაშვილმა ტრიბუნიდან ასევე აღნიშნა, რომ პარტიებს დაფინანსება 6 თვის განმავლობაში არ შეუწყდებათ.

"ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი რომ დაესვას - დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის დეკემბრის თვეში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის არ ვუწყვეტთ", - თქვა მან.

პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG