Accessibility links

logo-print logo-print

თურქეთის ელჩი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა აფხაზეთში მოქმედი საბანკო ბარათების საკითხზე


ფატმა ჯერენ იაზგანი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საბანკო ბარათების საკითხი განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში თურქეთის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრაზე. „პირველი არხის" ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე.

„ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, – თქვა დიპლომატმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზური პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება. „ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა IS BANK-მა და ZIRAAT BANK-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების - APRA WORLD-ის მომსახურება დაიწყეს".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სინამდვილეში, ბარათი „აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG