Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დროებით შემსუბუქდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი


დღეიდან, 24 დეკემბრიდან საქართველოში დროებით შემსუბუქდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 28 ნოემბრიდან დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები, თუმცა მათ კონკრეტული წესების დაცვა მოეთხოვებათ:

  • მაღაზიები იმუშავებენ 07:00-დან 19:00 საათამდე;
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
  • მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების მუშაობა, მათ შორის გატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
  • წესების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;

წესების დარღვევისთვის სავაჭრო ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო კრიტიკული დარღვევების შემთხვევაში, საქმიანობა შეუჩერდებათ.

საკოორდინაცო საბჭოს წინასწარი გეგმა ითვალისწინებდა 24 დეკემბრიდან სხვა შეზღუდვების შემსუბუქებასაც, თუმცა, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში ისევ არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, დროებით ისევ აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაც. არ იხსნება ბაზრობები.

საქართველოს მასშტაბით, ქვეითად და ავტომობილით გადაადგილება ისევ აკრძალულია 21:00-დან 05:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და მართლმადიდებლური შობის - 6 იანვრის ღამე.

საკოორდინაციო საბჭომ დიდ ქალაქებში შეზღუდვების 28 ნოემბრიდან დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვმა ნოემბერში გადააჭარბა 4000-ს. დეკემბრის პირველ ნახევარში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევაც. შეზღუდვების ამოქმედებასთან ერთად გაიზარდა ტესტირების რაოდენობა. 12 დეკემბრის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 4000-ზე ნაკლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG