Accessibility links

logo-print logo-print

ერევანში სომხეთის ოპოზიცია აქციას მართავს მთავრობის სახლის წინ


ოპოზიციის აქცია ერევანში

რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ მთავრობის სახლის წინ, შეეცადნენ, არ შეეშვათ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობის წევრები შენობაში.

„ნიკოლი მოღალატეა“, „სომხეთი ნიკოლის გარეშე“, - სკანდირებდნენ 16 სუბიექტისგან შემდგარი ოპოზიციური გაერთიანების, „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, წარმომადგენლები მთავრობის სახლის წინ, სადაც მობილიზებულია პოლიციის მნიშვნელოვანი ძალა.


მიუხედავად დემონსტრანტების სურვილისა, ჩაეშალათ მთავრობის სხდომა, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, შეხვედრა თავის დროზე დაიწყო და მას ნიკოლ ფაშინიანი უძღვება.


სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკისრებს პასუხისმგებლობას მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ტერიტორიების დაკარგვისა და ათასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს.



პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს დასაწყისში გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ.


სომხეთის ოპოზიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი, დაასახელა „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეს ოპოზიციური მოძრაობა არის „[ყოფილი] ელიტების ბუნტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG