Accessibility links

logo-print logo-print

რა დაუჯდათ 1 ხმა და 1 ერთი მანდატი პარტიებს 2020 წლის არჩევნებზე


წინასაარჩევნო პერიოდში 9 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1 პროცენტიანი ბარიერი გადალახა, 37,9 მილიონ ლარამდე დახარჯა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე ცოტა კი "გირჩმა" - 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაწეულ ხარჯებზე მონაცემები მათ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დეკლარაციაში ასახეს.

პარტიების საარჩევნო ხარჯები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 17 917 747 ლარი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 5 370 173 ლარი;
  • "ლელო" - 5 238 983 ლარი;
  • "ევროპული საქართველო" - 3 763 346 ლარი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2 538 152 ლარი;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2 501 650 ლარი;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 300 685 ლარი;
  • "მოქალაქეები" - 238 796 ლარი;
  • "გირჩი" - 0 ლარი.

“გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქირაობდა ოფისებს (მათ შორის თბილისში, რუსთაველის გამზირზე) და ჰქონდა საარჩევნო კამპანია, თუმცა დეკლარაციაში ხარჯები არ ასახულა. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს "გირჩის" ლიდერი, ჰერმან საბო ამბობს, რომ მიზეზი ის იყო, რომ მათი ანგარიშები აუდიტის სამსახურის მოთხოვნით დაყადაღებულია.

"იმ სიტუაციაში, როდესაც ანგარიშები სულელური მიზეზით დაგვიყადაღეს და ისეთი თანხა იყო, რომელსაც ვერ გადავიხდიდით, იძულებული გავხდით რაღაცა პარტიზანული გზებით, ზოგი საკუთარი ჯიბიდან დაგვეფინანსებინა კამპანია", - ამბობს ჰერმან საბო, რომელიც აღნიშნავს, რომ არ აქვთ დათვლილი, რა დაუჯდათ საარჩევნო კამპანია.

არჩევნებზე 1 ხმის მიღება ყველაზე ძვირი "ლელოს" დაუჯდა. ეს მონაცემები რადიო თავისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებისა და მიღებული ხმების შეფარდებით მიიღო. საშუალოდ, 1 ხმის მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს 21 ლარი დაუჯდათ, "ლელოს" კი 4-ჯერ ძვირი 86 ლარი. დეკლარირებული მონაცემებით, ყველაზე კარგი შედეგი ანუ ნაკლები ხარჯებით მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა "გირჩს" აქვს. “გირჩმა” 55 598 ხმა მიიღო.

თითო ხმის ღირებულება პარტიების მიხედვით:

  • "ლელო" - 86,3 ლარი;
  • "ევროპული საქართველო" - 51,6;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 42 ლარი;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 41,2 ლარი;
  • "ქართული ოცნება" - 19,3 ლარი;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 15,6 ლარი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 10,3 ლარი;
  • "მოქალაქეები" - 9,4 ლარი;
  • "გირჩი" - 0 ლარი.

თუ გაწეული ხარჯისა და პარლამენტში პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაიოდენობას შევადარებთ, ამ შემთხვევაშიც ყველაზე ძვირი სადეპუტატო მანდატის მიღება “ლელოს” დაუჯდა. საშუალოდ, 1 მანდატის მიღება არჩევნებში მონაწილე პარტიას 315,6 ათასი ლარი დაუჯდა, “ლელომ” კი 4-ჯერ მეტი დახარჯა.

თითო მანდატის "ფასი" დახარჯული თანხის შესაბამისად:

  • "ლელო" - 1 309 746 ლარი;
  • "ევროპული საქართველო" - 752 669 ლარი;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 634 538 ლარი;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 625 412 ლარი;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 300 685 ლარი;
  • "ქართული ოცნება" - 293 734 ლარი;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 153 434 ლარი;
  • "მოქალაქეები" - 119 398 ლარი;
  • "გირჩი" - 0 ლარი.

8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ზღვარი გადალახა, აცხადებს, რომ არ ენდობა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, რადგან მიაჩნია, ის გაყალბებულია. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG