Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი უძრავი ქონების აგენტს ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაციაში ამხელს

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

ტრანსგენდერი ქალი მ. კ. უძრავი ქონების აგენტ ლ. ს.-ს 2020 წლის 10 სექტემბერს ტელეფონით დაუკავშირდა ერთ-ერთი საიტის მეშვეობით, სადაც გამქირავებლად იყო მითითებული.

უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა, რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა. თუმც კი, შესაბამისი საიტის მეშვეობით, გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

როგორც მიმოწერიდან ჩანს, ტრანსგენდერი ქალის უძრავი ქონების აგენტს ეკითხება მიზეზს, თუ რატომ ეუბნება უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა.

შემდგომ ტრანსგენდერი ქალი განმეორებით უკავშირდება ლ. ს.-ს და ეკითხება, ხომ არ აქვს ბინები შესაბამისი მომენტისთვის. ლ. ს.პასუხობს, რომ გასაქირავებელი უძრავი ქონება არ აქვს.

ტრანსგერდერმა ქალმა აგენტს მაინც სთხოვა, რომ თუ შესაბამისი ბინა გამოჩნდებოდა, მისთვის ეცნობებინა, რაზეც ისევ ირიბი უარი მიიღო.

სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა და „მისი უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი. რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე.

სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა ლ.ს-ს, რომ მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

XS
SM
MD
LG