Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოჩა ლორთქიფანიძე: აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 21 იანვარს გვეცოდინება


იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა.

ლაპარაკია საჩივარზე, რომელიც, სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა; პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და ესენია:

  • სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
  • საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
  • განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

უწყების საქმიანობის 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძე შეეხო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმესაც, რომელსაც ასევე სტრასბურგის სასამართლო იხილავს - მისი სიტყვებით, ამ საქმეზე 2020 წლის დეკემბერში მიღებულია შუალედური რეზოლუცია.

„მცირე წინსვლა გვაქვს, რადგან რუსეთი თანხის გადახდის ნაწილში დათანხმდა ევროპის საბჭოს შუამავლობას და იმედი გვაქვს, რომ მცირე წინსვლა დიდ პროგრესში აისახება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლობას აგრძელებს ჰააგის სასამართლოსთანაც:

„ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG