Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ე.წ. ელიტური კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების აღრიცხვას იწყებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იწყებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის შესაძლო კორუფციულ დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

ინფორმაციას ამის შესახებ ისინი საკუთარ საიტზე აქვეყნებენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია შეიქმნას განახლებადი საინფორმაციო რესურსი, რომელიც საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, თვალყური ადევნოს დარღვევებსა და შეექმნათ წარმოდგენა მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბის შესახებ.

ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად, საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ კორუფციის ისეთ შემთხვევებს, სადაც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის ანდა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები:

„მაგალითისთვის, სუს-ის 2018 წლის (ბოლო) ანგარიშიდან ჩანს, რომ უწყება ძირითადად დაბალი დონის შემთხვევებზე რეაგირებს – ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სუს-მა დააკავა, მერი და ყოფილი გუბერნატორი იყვნენ. რეაგირების გარეშე რჩება ისეთი შემთხვევებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად პირდაპირ აწვდის საგამოძიებო ორგანოებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ პრობლემის დაძლევის რეალური გზა ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებითა და უფლებამოსილებით, რათა გამოიძიოს ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციის შემთხვევები.

ორგანიზაცია აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალსაც, სადაც მათი განცხადებით, მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება. მათ შორის არის, ე.წ. „ომეგა ჯგუფის“ საქმე, ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის, კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების განკარგვის პროცესში, ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრების საქმე და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG