Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს


„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გრძნობს „დისკომფორტს“ იმის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა:

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მაქვს ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს“.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებითვე, მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რის შესახებაც ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია:

"მოგეხსენებათ, რომ ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში დეტალურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები, რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული. საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში ჩადებულია“.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე, საბოლოოდ კორექტირებულ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

ამავე თემაზე:

კიდევ უფრო გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი და კოვიდი - სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG