Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში თავდასხმისას მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს


ფოტოარქივი: აზერბაიჯანის სამხედროების საგუშაგო მთიანი ყარაბაღის რეგიონში. 26 ნოემბერი, 2020 წ.
ფოტოარქივი: აზერბაიჯანის სამხედროების საგუშაგო მთიანი ყარაბაღის რეგიონში. 26 ნოემბერი, 2020 წ.

აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 28 დეკემბრის ინფორმაციით, „სომეხთა უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფმა“ წინა დღით იერიში მიიტანა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფზე სოფელ აღდამში, ხოჯავანდის რაიონში. სამინისტრო დასძენს, რომ ყველა თავდამსხმელი მოკლეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ „გადამჭრელ ზომებს“ მიმართავს, თუ ასეთი რამ კვლავ განმეორდა.

ერევანს, ასევე მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების დე ფაქტო ხელისუფლებას, სამინისტროს განაცხადების გარშემო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ცნობაზე, რომ სროლა იყო ჰედრუთში, განაცხადა, რომ სომხური ძალები მთიან ყარაბაღში მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დაიდო აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის მიზნით მოსკოვის შუამავლობით. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე რამდენიმე რაიონი, მათ შორის ხოჯავანდისა, აზერბაიჯანის ძალებს დაექვემდებარა იქ სომეხთა 30-წლიანი ბატონობის შემდეგ.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა, რომლის ეთნიკური სომხური მოსახლეობა არ ემორჩილება აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მათ თვითმმართველობა გამოაცხადეს სომხეთის დახმარებით და აზერბაიჯანის ძალები და აზერბაიჯანული მოსახლეობა განდევნეს რეგიონიდან 1990-იანი წლების ომის დროს.

2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG