Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია ახალი პარტიის შექმნას გეგმავს


ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გადასვლას ან პარლამენტში შესვლას.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისთვის", - თქვა ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ეს მათთვის სიახლე არ ყოფილა და იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ის პარტიას ტოვებდა.

"ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის. ელენეს სურვილი იყო დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მიზნები რაც გვაქვს, არის საერთო. ბუნებრივია, გული გვწყდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკა, ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად და ვემსახურებით ერთსა და იმავე მიზანს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელენე ხოშტარია ზედიზედ 2 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა. მას შემდეგ კი, რაც პარტია დაიშალა, ის "ევროპულ საქართველოში" გადავიდა. სწორედ ამ პარტიის სიით გახდა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მისი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და უარს ამბობს მანდატზე.

პარლამენტის დეპუტატობის პარალელურად ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში. ის 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებმა ვაკეში საერთო მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG