Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო შეღავათების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს


ახალი საგადასახადო შეღავათების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრად არჩევამდე იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ახალი საგადასახადო ინიციატივები, როგორც ლილუაშვილი განმარტავს, მიზნად ისახავს ბიზნესისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება მისი დასაქმებულისთვის 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი (იმ დასაქმებულებისთვისაც, რომლების სრული ხელფასიც შეადგენს 1500 ლარს ან ნაკლებს), რომლის გადახდის ვალდებულებაც მას აქვს, დაუკავოს დამსაქმებელს, თუმცა უფლებამოსილი იქნება, ეს თანხა ბიუჯეტში არ გადაიხადოს. „ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, რომ შევუმსუბუქოთ საგადასახადო ტვირთი კომპანიებს. ეს კონკრეტული ცვლილება 42 000-მდე კომპანიისთვის არის ხელმისაწვდომი, 550 000 დასაქმებულისთვის იქნება იმის დამატებითი გარანტი, რომ შენარჩუნებული იქნება მათი სამუშაო ადგილი“, - თქვა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ლილუაშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება სალიზინგო და საიჯარო ხელშეკრეულებებს. „ჩვენ ასევე ვაგრძელებთ 6 თვის განმავლობაში (მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან) იჯარისა და ლიზინგის მომსახურებებზე დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულების ნაწილს, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოექმნება ფაქტობრივად გადახდილი თანხის პერიოდში. იყო პერიოდი, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვების პერიოდში კომპანიებს შეეზღუდათ საქმიანობა და მათ უწევდათ იჯარის თანხის გადახდა, შესაბამისად, სწორედ, ამ ტვირთის შემსუბუქებას ემსახურება ეს ღონისძიება“, - თქვა ლილუაშვილმა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა პანდემიის შედეგად, ამიტომ, გრძელდება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა.

„2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესი. ასევე ტურიზმი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც მას შესთავაზეს მიმდინარე წლის დასაწყისში. 1000-ზე მეტი კომპანია ისარგებლებს ამ შეღავათით, სადაც 30 000-ზე მეტი დასაქმებულია“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების" დეპუტატი.

ტურიზმთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან დაბა ბაკურიანში, სოფელ გუდაურში, კურორტ გოდერძსა და დაბა მესტიაში მოქმედ „ტურისტული ოპერატორები და ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“.

კიდევ ერთი დაგეგმილი ცვლილება არის პროცედურული ხასიათის - მარტივდება საბაჟო და საგადასახადო პროცედურები. მაგალითად, შემოდის საგადასახადო დავის ონლაინგანხილვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა საბაჟოთი შემოტანილი დღგ-თი დაბეგვრას იმპორტთან დაკავშირებული თანმდევ ხარჯების, ამოქმედდება არა 2021 წლის 1 იანვარს, არამედ 2023 წელს.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG