Accessibility links

site logo site logo

ენერგოომბუდსმენის შეფასებით, დენისა და წყლის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო


სალომე ვარდიაშვილი

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის თქმით, ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო და ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ ფასის კორექტირება ზრდისკენ წასულიყო.

„6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატარიფო საქმის წარმოება სემეკში და, შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრას ვესწრებოდი და ასევე ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მაქვს გაცნობილი, რომელიც დაშვებული იყო გასაცნობად. შესაბამისად, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც ვეცნობოდი, აბსოლუტურად ობიექტურად მეგონა და ვაკეთებდი ამ პროგნოზს გუშინაც, გუშინწინაც ვთქვი, რომ ალბათ ტარიფი ვერ გადარჩება-თქო და აბსოლუტურად ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ კორექტირება წასულიყო ზრდისკენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სალომე ვარდიაშვილმა. მისი თქმით, ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯი და ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სათანადო მომსახურების მისაწოდებლად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი გაეზარდათ. კერძოდ, სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი - 11-დან 14 თეთრამდე.

დენის ფასის გაზრდის შემდეგ თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასიც გაიზარდა. თბილისში მათთვის, ვინც მრიცხველს მოიხმარს, ფასთა შორის სხვაობა 17 თეთრია, ვინც "სულადობრივად", მრიცხველის გარეშე იხდის - 63 თეთრი.

  • 1 მ3 წყლის მოხმარების საფასური 32,9 თეთრიდან 50 თეთრამდე იზრდება;

  • "სულადობრივი" გადასახადი - 3,89 ლარიდან 4,51 ლარამდე.

ელექტროენერგიისა და წყლის ახალი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა. მთავრობა გეგმავს, ელექტროენერგიის მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობა სრულად დაუსუბსიდიროს იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. წყლის გადასახადის სუბსიდირება შეეხებათ ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG