Accessibility links

site logo site logo

რუმინეთის და მოლდოვის პრეზიდენტები გამოდიან ახალი დასაწყისის პირობით ქვეყნების ურთიერთობაში


რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ პირობას დებენ, რომ მათი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი თავი დაიწყება, იმ ფონზე, როცა მოლდოვის ახალი პრეზიდენტი ცდილობს აამუშაოს თავისი პროევროპული და ანტიკორუფციული დღის წესრიგი.

იოჰანისი სანდუს კიშინიოვში ეწვია 29 დეკემბერს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სანდუს ინაუგურაცია ჩატარდა. სანდუმ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი. ექვსი წლის განმავლობაში ეს რუმინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია მოლდოვაში, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობის ნიშანია, მას შემდეგ, რაც დოდონის პირობებში კავშირები პრობლემური იყო.

მოლდოვა, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, ღრმად არის დაყოფილი რუსეთთან უფრო ახლო კავშირების მომხრეებსა და ევროკავშირის წევრ რუმინეთთან დაახლოების მოსურნეებს შორის. რუმინეთთან მოლდოვას საერთო კულტურა და ენა აკავშირებს.

იოჰანისმა თავის ვიზიტს სიმბოლური უწოდა, რაც ახალი პრეზიდენტის და მისი პროდასავლური დღის წესრიგის მხარდაჭერას ნიშნავს, იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ებრძვის ეკონომიკურ კრიზისსა და კორონავირუსის პანდემიას.

იოჰანისმა გამოაცხადა ეკონომიკის დასახმარებელი პაკეტის შესახებ და თქვა, რომ რუმინეთი მოლდოვას მიაწვდის Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის 200,000 დოზას, იმ რაოდენობიდან, რომელიც მას ევროკავშირმა გამოუყო.

სანდუმ ისაუბრა ახალ დასაწყისზე თავისი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რაც მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას რუმინეთთან. "მოხარული ვარ, რომ დღეიდან მოლდოვა და რუმინეთი კვლავ შედიან ბუნებრივ, ძმურ და ღია ურთიერთობაში", - თქვა იოჰანისის გვერდით მდგომმა სანდუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG