Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას მიულოცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა


ფილიპ რიკერი
ფილიპ რიკერი

საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ რიკერს შორის დღეს, 30 დეკემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი გახარიამ ფილიპ რიკერს მადლობა გადაუხადა 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის, რომელიც აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

„საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ფილიპ რიკერი საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად. ​პომპეოს გამგზავრების შემდეგ სწორედ, რიკერი შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს.

პარტიებმა თავიანთი შეფასებები გააცნეს 31 ოქტომბრის „საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან" დაკავშირებით.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას გიორგი გახარიას, ასევე, ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ განკარგულებას 24 დეკემბერს ხელი მოაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG