Accessibility links

logo-print logo-print

2020 წელი 5 საძიებო ტერმინში


Trends „გუგლის“ საძიებო სისტემის პროდუქტია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ამა თუ იმ სიტყვის პოპულარობა, როგორი იყო მათი მოძიების ტენდენცია. საქართველოში, როგორც წესი, ყველაზე მეტად „ფეისბუკს“, „იუტუბს“ და ონლაინ კაზინოებს ეძებენ ხოლმე, თუმცა, უფრო საინტერესო ის საძიებო ტერმინებია, რომელთა სიხშირეც დროდადრო იმატებს იკლებს ხოლმე.

აი, 5 საძიებო ტერმინი, რომლებიც აქტუალური 2020 წელს გახდა.

„კოლინზის“ ლექსიკონმა სწორედ ეს დაასახელა წლის სიტყვად - მილიარდობით ადამიანზე მოახდინა გავლენაო. ჩვენთვის ახალი სიტყვაა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ინგლისურად იკლავდნენ თავს მისი გამოყენებით - 2019 წელს ლექსიკონმა მისი გამოყენების 4 ათასი შემთხვევა აღრიცხა. აი, 2020 წელს კი მისმა მოხმარებამ 6000%-ით იმატა.

ეს ინგლისურად. საქართველოში კი, როგორც ჩანს ამ უცხო სიტყვის გამოყენებას კარგა გავურბოდით და მას არც „გუგლში“ ვეძებდით. აპრილშია პაწია ზრდა და მერე, შემოდგომის ბოლომდე, არაფერი. ნოემბერში კი ჩვენმა ოფიციალურმა პირებმაც დაიწყეს საჯაროდ განხილვა - ლოკდაუნი უნდა გვქონოდა თუ შეზღუდვები თუ რა. ხალხმაც, როგორც ჩანს საძიებო სისტემას მიმართა - აბა, ეს რა ხილიაო.

ბადრი ესებუა ალბათ ბოლო ბევრი წლის ყველაზე სახელგანთქმული სავარაუდო ყაჩაღია. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ინტერნეტში დღემდე განსჯის და განხილვის საგანია. ეგ კი არა, ბაზარში თურმე სათამაშო ხელყუმბარებიც კი იყიდება, რომელსაც „ესებუებად“ მოიხსენიებენ.

ოქტომბრის ბოლომდე „ესებუა“ „გუგლის“ ტენდენციებში აქა-იქ თუ ჩნდებოდა ხოლმე - სავარაუდოდ არც ერთი ეს მცირე ზრდა ბადრისთან არ იყო კავშირში. აი, ოქტომბრის ბოლოს კი ძიებამ ერთბაშად იმატა და, როგორც ჩანს ინტერესი ბოლომდე აღარც გამქრალა - ხან უშუალოდ ბადრი ესებუასთან დაკავშირებული ახალი ამბავი ვრცელდება ხოლმე, ხან კი მის ძმა - ბიძინასთან.

იყო დრო, როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებული ტერმინებიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ „კლასტერი“ იყო. უმეტესობისთვის უცხო სიტყვიდან ერთბაშად გადაიქცა პანდემიის ყველაზე ხელშესახებ აღმწერად. ყველას აინტერესებდა - რომელი ინფიცირებული რომელ კლასტერს წარმოადგენდა. „ფეისბუკზე“ დებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ადვილად აღსაქმელ ვიზუალიზაციებს, სადაც დაინახავდი, თუ ვინ გადასდო ვის ვირუსი და როდის.

„გუგლი“ კარგად გვაჩვენებს, თუ როდის დაკარგა ამ სიტყვამ წონა. გაზაფხულზე ყველა „კლასტერს“ ეძებდა. შემდეგ ინტერესმა იკლო და აგვისტოში ისევ იმატა, ალბათ „დონას კლასტერის“ დამსახურებით. შემდეგ კი, ალბათ იმავე „დონას კლასტერით“ დამსახურებით, ეს სიტყვა სრულიად არააქტუალური გახდა. 2020 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველო ერთი დიდი კლასტერი გახდა.

იყო დრო, როდესაც ეს სიტყვა, აი, სულ არავინ იცოდა. 2019 წელს, „რა? სად? როდის?“-ის სპორტულ შეჯიბრზე, რომელსაც, სატელევიზიოსგან განსხვავებით, ერთდროულად ასობით ადამიანი თამაშობს, ერთ შეკითხვაზე პასუხი სწორედ „კორონავირუსი“ იყო. უნდა გენახათ, რა აჟიოტაჟი მოყვა ამას მოაზროვნეებში. შეკითხვა თითქმის ვერავინ გამოიცნო და უამრავი ნაკითხი, ნასწავლი მოთამაშე ჩიოდა - ეს რა სიტყვა მოიგონეთ, აბა, საიდან უნდა ვიცოდეთ რა არის ეს კორონავირუსი და, საერთოდ, რატომ უნდა გვცოდნოდაო.

ეჰ, ნეტავ ის დრო დააბრუნა. მას შემდეგ კორონავირუსზე მუდამ ახალ-ახალ რამეებს ვიგებთ და ეს „გუგლის“ ტენდენციებშიც კარგად ჩანს - ძიების პიკები წლის დასაწყისში იყო, თუმცა, ცხადია ეს წვეტცილიანი ჭირი ჯერ არსად წაშავებულა და, შესაბამისად, არც საძიებო სისტემაში კარგავს აქტუალურობას.

აი ეს კი, მგონი, საქართველოს წლის სიტყვაა. იანვრიდან მოყოლებული მიდის მსჯელობა - შეეხება თუ არა შეზღუდვები შილაკს? უნდა ვანაცვალოთ თუ არა შილაკს ახლობლების ჯანმრთელობა?

რა არის ეს შილაკი საქმეში ჩაუხედავმა ხალხმა მხოლოდ დაახლოებით ვიცით - ფრჩხილებთან დაკავშირებული რაღაცაა, რომელიც, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მსოფლიოში.

გუგლის ტენდენციებში „შილაკი“ ყოველთვის აქტუალურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG