Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა" ჩცდ-ში "ბილწსიტყვაობის" გამო დააჯარიმა


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოყენებული "ბილწსიტყვაობისა" და "შეურაცხმყოფელი" ტერმინოლოგიის გამო დააჯარიმა. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა თქვა, რომ რადგან პირველი შემთხვევაა, პატარა ჯარიმას გამოიყენებენ, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია.

კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სერიალი გადიოდა დღის საათებში, რა დროსაც მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

"მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სერიალი მოიცავს ბილწსიტყვაობის სცენებს. შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებულია ეპიზოდებში, რომელიც მაუწყებლის [დღის საათებში] ეთერში განთავსდა... [მაუწყებლობის შესახებ კანონით] შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამა 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად არის მიჩნეული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი გამოყენება კონტექსტით გამართლებულია... მოცემულ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსისკის გამოყენება განპირობებულია პერსონაჟების მახასიათებლითა და მხატვრული ღირებულებით, რაც გამართლების საფძველია. თუმცა, [იგივე კანონი] შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიას, მათ შორის კონტექსტით გამართლებულს, 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს", - თქვა კომისიის წარმომადგენელმა.

ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენელმა, ეთერ ქათამაძემ თქვა, რომ სერიალი განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის, გამოყენებული ტერმინოლოგია კი პრესონაჟების დამახასიათებელია. ამ არგუმენტის მიუხედავად, არხმა ასეთი პოზიცია წარუდგინა კომისიას:

"ჩვენ შეგვიძლია სერიალის ეთერში გასვლამდე გადავხედოთ, ამოვჭრათ ან დავფაროთ ეთერში გასვლამდე. ამ შემთხვევაში სერიალი ჩაჯდება მოთხოვნებში... ხვალიდან შევეცდებით ეს პრობლემა აღმოვფხვრათ".

კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მათ არ აძლევთ შესაძლებლობას ჯარიმა არ გამოიყენონ. მანვე აღნიშნა, რომ "ფორმულას" შეთავაზება - სერიალში ფრაგმენტების დაფარვით მისი დღის საათებში გასვლაც დასაშვებია.

"ჩვენი სურვილი არ არის ჯარიმის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონის მიღებაში არ ვმონაწილეობდით, ჩვენ სანამ კანონს მიიღებდნენ ჩვენი შენიშვნა იყო, რომ პირდაპირ ჯარიმა შეცვლილიყო და ყოფილიყო გაფრთხილება. ჩვენდა სამწუხაროდ, აქ შეზღუდულები ვართ უფრო შემამსუბუქებელ გარემოებაზე ვიფიქროთ", - თქვა კახა ბექაურმა.

მოგვიანებით, პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ არხი 2 500 ლარით დაჯარიმდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG