Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში შედის „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-8 ნომერი


"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები (ფოტოარქივი: 3 ოქტომბერი, 2020 წ.)
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები (ფოტოარქივი: 3 ოქტომბერი, 2020 წ.)

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის რიგით მე-8 ნომერი, ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ აპირებს პარლამენტში შესვლას, თუკი, მისი თქმით, ლეგიტიმურად დადგება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საკითხი.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრებს: ფრიდონ ინჯიას, გელა ენუქიძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, გაუქმებულ სიაში არ არიან სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები.

დავით ზილფიმიანის მიერ 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მიუხედავად „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრების მზადყოფნისა, შევიდნენ პარლამენტში, პარტია არ იქნება წარმოდგენილი X მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში.

„ბიზნესმენები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები. შესაბამისად, მე არ მაქვს მათზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი. პოლიტიკოსები არ შევდივართ პარლამენტში, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. არის ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც პარტიის წევრია, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელეთ და ბატონი ფრიდონი დადგება არჩევანის წინაშე: დარჩეს პარტიაში თუ შევიდეს პარლამენტში. თუ შევა, პარტიას დატოვებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG