Accessibility links

site logo site logo

გიორგი კახიანი: შეხვედრების მე-5 რაუნდამდე სიფრთხილით ვუდგებით მანდატების შეჩერების საკითხს


"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართი შეხვედრების მე-5 რაუნდამდე მათთვის მანდატების შეჩერების საკითხს სიფრთხილით უდგებიან. ამის შესახებ კახიანმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" 3 წევრისთვის მანდატების შეჩერების საკითხი ბიუროს გადაუგზავნა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დეპუტატების მანდატების შეჩერების საკითხი პლენარულ სხდომაზე დღეს დადგება.

"ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ჩვენ უახლოეს მომავალში გველოდება, ეს არის შეხვედრების მომდევნო რაუნდი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რაუნდზე საბოლოოდ გადაწყდება საკითხი და ჩვენ კონკრეტულ შედეგს მივიღებთ. რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი შემოვა პარლამენტში. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეჩერების საკითხს", - თქვა კახიანმა.

პარლამენტს მანდატების შეჩერების მოთხოვნით 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 54-მა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. იმის მიუხედავად, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მათ შორის ყველაზე ბოლო იყო, პარლამენტმა მათი საკითხის განხილვა სხვაზე ადრე დაიწყო.

"პატრიოტთა ალიანსის" სიაში მყოფმა პირებმა, 5 ოპოზიციური პარტიის მსგავსად, ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. გაუქმებულ სიაში არ მოხვდა 3 პირი, რომლებიც ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის მანდატების შეჩერების შემდეგ მათ ადგილმონაცვლეებად შევლენ პარლამენტში.

ცესკოში სიების გაუქმებაზე განცხადებები წარადგინეს ბლოკმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - "ძალა ერთობაშია", "ლელომ", "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". ამავდროულად, ამ პარტიების სიით პარლამენტში შესულმა ყველა დეპუტატმა მანდატებზე უარი თქვა, თუმცა მათი საკითხის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG